ნუ მოცდებით საქმეს!
სტუდენტი ხარ? - ნუ აქცევ ორსულობას ლექციების გაცდენის საბაბად. იარე ლექციებზე თუნდაც ბოლო დღემდე, ლექტორებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა გაგიხალისებს ყოველდღიურობას. ისინი შეგაქებენ, გეტყვიან, რომ ეს მდგომარეობა ძალიან გიხდება და რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ორსული ხარ. შესაძლოა, მთლად ასეც არ იყოს, მაგრამ კეთილი სიტყვის მოსმენა გულს ყოველთვის უხარია და განწყობილებაც აგიმაღლდება.
მუშაობ? - ნუ აქცევ ორსულობას სამსახურის მიტოვების საბაბად. პირიქით, თანამშრომლებთან ურთიერთობა ხშირად უღიმღამო ყოველდღიურ ცხოვრებას გაგილამაზებს და ყურადღებას სხვა თემებზე გადაგატანინებს. თანამშრომლების მხრიდან დიდ ყურადღებას იგრძნობ: „წყალი ხომ არ გინდა?“, „ჩაის ხომ არ დალევ?“, „რა გესიამოვნება, რა მოგართვა?“ და ა.შ., ეს კი შენს განწყობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
მინახავს მოდას აყოლილი ორსულები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ორსულობისას ქალი აუცილებლად გაღიზიანებული უნდა იყოს, ხასიათი და გემოვნება შეეცვალოს, ყველაფერზე იტიროს, ბევრი ჭამოს, მთელი დღე იწვეს, ბრძანებები გასცეს და, ერთი სიტყვით, ორსულობა შეიფეროს. ყველამ მას უნდა გაუგოს და ყველამ მის ჭკუაზე უნდა იაროს. არა, მეგობრებო, დაივიწყეთ ეს აბსურდი. როგორსაც გადაწყვეტთ, ისეთი იქნება თქვენი ორსულობა.
გახსოვდეთ, ფაქტობრივად ყველაფერს ადამიანის ფსიქოლოგია განსაზღვრავს. თუ თავს დაირწმუნებთ, რომ გიჟი ხართ, შეიძლება მართლა გაგიჟდეთ, მაგრამ თუ ირწმუნებთ, რომ ისეთივე მშვიდი და გაწონასწორებული ხართ, როგორიც იყავით და ხასიათი სულაც არ შეგცვლიათ, ორსულობას დღესასწაულად გადააქცევთ. როგორც აქამდე ხვდებოდით მშვიდად ყოველდღიურ პრობლემებს, ასევე გააგრძელეთ. ორსულობას ტრაგედიად ნუ აქცევთ და არაფრის გამო აურზაურს ნუ ატეხთ – ეს თქვენც გავნებთ და ბავშვსაც.