ორსულთა ექოსკოპიური კვლევა
ხალხური სიბრძნე ღაღადებს, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ დასანახად შეიძლება ხმაც, უფრო ზუსტად, განსაზღვრული სიხშირის ბგერაც გამოდგეს. კაცმა რომ თქვას, ადამიანს ახალი არაფერი გამოუგონებია, – ღამურები ათასწლეულების განმავლობაში სწორედ მისი მეშვეობით ახერხებდნენ სივრცეში ორიენტირებას, – გამოცდილების გადმოსაღებად კი საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, თუმცა გაკვეთილი კარგად აითვისა: ჯერ თვითმფრინავებსა და გემებს გაუადვილა წინააღმდეგობების მიგნება რადარებითა და სონარებით, შემდეგ კი ტექნოლოგია შინაგანი ორგანოების გამოკვლევასაც მოარგო.
მომავალი დედებისთვის ეს მეთოდი ფასდაუდებელია, მის გარეშე ფაქტობრივად არც ერთი ორსულობა არ ჩაივლის, თუმცა მაინც ათასგვარ შეხედულებას გაიგონებთ. ზოგიერთს ჭარბი დასხივებისა ეშინია, ზოგს სურს, რაც შეიძლება ადრე გაიგოს ბავშვის სქესი, გამოკვლევის რამდენიმე სახელიც გვარიანად გვაბნევს... ტყუილ-მართალის გარკვევაში “ავერსის კლინიკის” ულტრაბგერითი სამსახურის კოორდინატორი, ეკა ლაფაჩიშვილი დაგვეხმარება.
– ქალბატონო ეკა, რა პრინციპს ემყარება ულტრაბგერითი გამოკვლევა და გავრცელებული სახელებიდან: “ექოსკოპია”, “ულტრაბგერითი კვლევა”, “ულტრასონოგრაფია” – რომელია სწორი?
– არსებობის უფლება სამივე ტერმინს აქვს, ვინაიდან მეთოდის არსს გარკვეულწილად სამივე ასახავს (sonorus ლათინურად ხმის გამომცემს ნიშნავს, scopeo – ხედვას, graphos – ჩაწერას). ამ დროს აპარატი გამოსაკვლევი ორგანოსკენ მიმართავს ულტრაბგერებს – განსაზღვრული სიხშირის ბგერებს, რომელთაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. წინააღმდეგობასთან შეხვედრისას ეს ბგერები აირეკლება, ბუნებრივია, იმისდა მიხედვით, რომელი ქსოვილი (ძვლები, კუნთები, შინაგანი ორგანოები) დახვდება გზად. ამ განსხვავებულ ექოს გადამწოდი აფიქსირებს, კომპიუტერი კი გამოსახულებად გარდაქმნის და მონიტორზე გამოსახავს.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ჩვენი ყურისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ სავსებით ბუნებრივი ბგერები ერთადერთი “გამოსხივებაა”, რომელსაც სონოგრაფიული გამოკვლევისას ვიყენებთ. ზოგიერთი სხვა, მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევისგან განსხვავებით, ულტრასონოგრაფიას თან არ ახლავს მაიონიზებელი რადიაცია, რომელსაც შეუძლია, ატომები და მოლეკულები შეცვალოს და ბიოლოგიური ქსოვილები შეუქცევადად დააზიანოს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, 30 წელიწადზე მეტია, ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში ძალიან ფართოდ იყენებენ და ადამიანზე მავნე ზემოქმედების არც ერთი ფაქტი არ აღრიცხულა.
– როგორც ჩანს, სწორედ უსაფრთხოებამ აქცია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის მეთვალყურეობის შეუცვლელ მეთოდად...– უსაფრთხოებამ და მაღალმა დიაგნოსტიკურმა ღირებულებამ. დღეისთვის ის იმ წამყვან მეთოდად მიიჩნევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად მივადევნოთ თვალი ნაყოფის ზრდა-განვითარებას მუცლადყოფნის ადრეული ეტაპებიდან დაბადებამდე.
– ორსულობის დასადგენად ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია? ტესტის დადებითი პასუხი არ კმარა?
– შარდში ქორიონული გონადოტროპინის გამოჩენა (სწორდედ მას აფიქსირებს ორსულობის ტესტი), თუნდაც სისხლში მისი მაღალი კონცენტრაცია, მხოლოდ ორსულობის არსებობას ადასტურებს. ის წარმოდგენას არ გვაძლევს სანაყოფე პარკის მდებარეობაზე, მდგომარეობაზე, რაოდენობასა და ორსულობის მოსალოდნელ გართულებებზე. ორსულობის ადრეულ ვადებზე ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია თუნდაც ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის გამოსარიცხად. მოგეხსენებათ, ამ პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ შვილოსნობის უნარის შენარჩუნების შანსს კი არ ზრდის, არამედ იმის გარანტიასაც გვაძლევს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. სანაყოფე პარკის დაფიქსირება ჩვეულებრივი ტრანსაბდომინური მიდგომით ორსულობის მე-3 კვირიდან არის შესაძლებელი, მე-6 კვირიდან კი ექიმი უკვე ნაყოფის გულისცემას აფასებს.
– ორსულობის განმავლობაში სტანდარტულად რამდენჯერ ტარდება ულტრაბგერითი კვლევა? რა მიზანს ისახავს თითოეული მათგანი?
– როგორც უკვე გითხარით, ულტრაბგერითი გამოკვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა მომავალი დედისა და ნაყოფისთვის. მიუხედავად ამისა, თვითნებურად მისი ჩატარება სასურველი არ არის, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მივმართავთ. ორსულობის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 4-ჯერ მაინც ვატარებთ, თუ საჭიროა – უფრო ხშირადაც.
პირველი გამოკვლევა მცირე ვადებზე – მე-3-7 კვირას – ტარდება ორსულობის დადასტურებისა და ადრეული შეფასების მიზნით.
მეორე სკრინინგული ვადა მე-11-14 კვირაა. ამ დროს ტარდება გენეტიკური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის დროსაც ნაყოფის ცხვირის ძვლის დაფიქსირება და კისრის ნაკეცის შეფასება საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ ქრომოსომული პათოლოგიების განვითარების რისკი.
მომდევნო ვადებზე, 22-24-ე და 32-34-ე კვირას, რუტინული ექოსკოპიური გამოკვლევის საშუალებით ფასდება ნაყოფის ზრდა-განვითარება, პლაცენტის მდებარეობა და მდგომარეობა, სანაყოფე წყლების რაოდენობა და სტრუქტურა, ჭიპლარის, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, ხდება განვითარების მანკების დროული დიაგნოსტირება. დამატებითი ფუნქციები, რომლებიც აქვს თანამედროვე აპარატების უმრავლესობას, ჩვენს შესაძლებლობებს უფრო მეტად აფართოებს: აუდიოკომპონენტი ნაყოფის გულისცემის მოსმენისა და შეფასების საშუალებას გვაძლევს, დოპლეროგრაფია სისხლძარღვებში სისხლის უჯრედების მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებას გვაჩვენებს და ნაყოფის ფეტო-პლაცენტური უკმარისობის (ნაყოფისთვის სისხლის მიწოდების დარღვევის) გამოვლენაში გვეხმარება.
ბოლო ხანს უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოცულობითი ექოსკანირება სამ და
ოთხგანზომილებიან რეჟიმში. იგი აფართოებს ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი გამოკვლევის შესაძლებლობებს, თანაც მასავით უსაფრთხო და საიმედოა. მოცულობითი ექოსკანირების დროს სამგანზომილებიან რეჟიმში გამოსახულება მიიღება სამივე სიბრტყეში (3D static – მოცულობითი სტატიკური გამოსახულება), ოთხგანზომილებიან რეჟიმში კი მეოთხე განზომილებად ნაგულისხმებია დრო, ანუ გამოსახულება მიიღება დროის რეალურ რეჟიმში (4D – real time). მოცულობითი ექოსკანირების დროს ექიმი უფრო სრულყოფილად ათვალიერებს ნაყოფის სხეულის ნაწილებს სამივე სიბრტყეში, მშობლები კი თავიანთ პატარას ჯერ კიდევ დაბადებამდე ეცნობიან, ეძლევათ საშუალება, შეინახონ პირმშოს პირველი ფოტო (სურვილისამებრ, ფერადი ან შავ-თეთრი) და გამოსახულების ვიდეოჩანაწერი DVD დისკის საშუალებით. ალბათ დამეთანხმებით, მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მშობლები ჯერ კიდევ დედის მუცელში ადევნებენ თვალს, როგორ იცინის, ამთქნარებს, ხელ-ფეხს ამოძრავებს მათი პატარა.
– გამოკვლევისთვის განსაკუთრებული მომზადება ხომ არ სჭირდება ორსულს?
– არავითარი მომზადება არ არის საჭირო, უბრალოდ, ორსულობის ადრეულ ვადებზე აირით გაბერილმა ნაწლავებმა საშვილოსნოს დათვალიერებაში ხელი რომ არ შეგვიშალოს, სასურველია, შარდის ბუშტი ზომიერად სავსე იყოს. თუმცა გამოკვლევა ტრანსვაგინური მიდგომითაც შეიძლება ჩატარდეს. შედარებით გვიანდელ ვადებზე ამ მხრივ პრობლემა ნაკლებია.
– რომელი თვიდან ჩანს ბავშვის სქესი?
– ნაყოფის სქესის ფორმირება ხდება პირველი ტრიმესტრის ბოლოს, ორსულობის მე-11-12 კვირას, და ამავე პერიოდიდან არის შესაძლებელი მისი დადგენაც, თუმცა სქესის მიმართ გადაჭარბებული ინტერესი მხოლოდ ჩვენშია. გამოგიტყდებით: საზღვარგარეთ მივლინების დროს ჩემი როგორც ექიმის გულწრფელ სიამოვნებას იწვევდა ის ფაქტი, რომ იმ ორსულთა დაახლოებით ნახევარი, რომელიც ულტრასონოგრაფიის კაბინეტს აკითხავდა, ამჯობინებდა, ნაყოფის სქესი მის დაბადებამდე არ სცოდნოდა, დანარჩენების დიდი უმრავლესობა კი ამ კითხვას პირველად მხოლოდ ორსულობის 22-24-ე კვირას სვამდა.
– რამდენად მნიშვნელოვანია აპარატურის ხარისხი? ზოგს მიაჩნია, რომ გამოცდილი სპეციალისტი მოძველებული ექოგრაფითაც კი შეძლებს საჭირო ინფორმაციის მიღებას...
– ადრეული და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ექიმს თანაბრად სჭირდება როგორც დიდი პროფესიული გამოცდილება, ასევე დახვეწილი სამედიცინო აპარატურა. ასე რომ, პროფესიონალიზმთან ერთად აპარატურის ხარისხსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ “ავერსის კლინიკა” ერთითაც და მეორეთიც სამართლიანად ამაყობს, ჩვენი ხელმძღვანელობა კი განუწყვეტლივ ზრუნავს სამედიცინო აპარატურის განახლებაზე. ამჟამად “ავერსის კლინიკაში” ფუნქციობს კომპანია PHILIPS-ის გამოსახულების შეუდარებელი ხარისხის მქონე და უნიკალური პროგრამებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე ექოსკოპები, რომელთა ანალოგი ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში არ არის.