დედა
ცხოვრება სირთულეებითაა აღსავსე, მაგრამ როცა დედა ხარ, შეუძლებელსაც შეძლებ შვილებისთვის.
თუმცა ყველა დედა როდია ამ სახელის ღირსი; მთავარი შვილის გაზრდა კი არ არის, არამედ აღზრდა. ჩვენ, დედები, ვალდებული ვართ, ვასწავლოთ შვილებს თეთრისა და შავის გარჩევა.
21-ე საუკუნეში ადამიანობა ბევრს ავიწყდება და ეს როგორც დროების, ისე აღზრდის ბრალია.
ადამიანობა არის სიკეთე, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, გასაჭირში მყოფის გვერდით დგომა და, რაც მთავარია, უფლის სიყვარული. როცა უფალი გიყვარს, სათუთი ადამიანი ხდები და ცდილობ, სიკეთე აკეთო არა მხოლოდ ახლობლებისთვის, არამედ უცნობებისთვისაც კი. შვილი – ეს ჩვენი ნაწილია, რომელიც დაბადებიდანვე ფიზიკურადაც და სულიერად ჩვენ გვემსგავსება, ამიტომ მოდით, დედებო, გავერთიანდეთ და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მაგალითი გავხდეთ, ვილოცოთ, შევიყვაროთ უფალი, ვირწმუნოთ.
რწმენას ბევრი რამ შეუძლია. მაგალითად, მე პატარა ნიკოლოზი მაჩუქეს უფალმა და წმინდა ნიკოლოზმა. ორსულობის მე–3 თვეზე ვიყავი, როდესაც ძლიერი სისხლდენა დამეწყო. ექიმებმა მითხრეს, რომ ნაყოფი თითქმის მოშორებული იყო და აბორტი მირჩიეს. ორი კვირის შემდეგ გადასამოწმებლად წავედი და აი, სასწაული – ნაყოფის გულისცემა ისმოდა. მაგრამ ძლიერი ჰემატომისა და ტონუსის გამო ბავშვი შეიძლებოდა მძიმე პათოლოგიით დაბადებულიყო. იმ დღიდან დავიწყე ლოცვა, წმინდა ნიკოლოზს და უფალს ვევედრებოდი, პატარა ნიკოლოზი ეჩუქებინათ ჩემთვის. მთელი 7 თვე გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი. ბევრი იმასაც მირჩევდა, უარი მეთქვა ბავშვზე, რადგან შეიძლებოდა, ჯანმრთელი არ ყოფილიყო და მერე მისი ამქვეყნად მოვლენა მენანა.
დღეს დიდი სიამაყით ვზრდი ჩემს პატარა ნიკოლოზს, ვუფრთხილდები, ვუვლი, ვასწავლი სიყვარულს, სამართლიანობას, რომ მომავალში სიმართლის მოყვარული ადამიანი დადგეს. მინდა, ისეთი ვაჟკაცი აღვზარდო, რომ მთელი ერი ამაყობდეს.
დედებო, აი, სასწაული, რომელიც რწმენამ და ლოცვამ მოახდინა.