ორსულობა სასიამოვნო მოლოდინის პერიოდია. უნდა ვეცადოთ, ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ ოჯახის ახალი წევრის სათანადოდ დასახვედრად. მაინც რა დასჭირდება მას?
- ყველაფერი ტუალეტისთვის - კანის დამატენიანებელი კრემი, კრემი პამპერსით გაღიზიანებული კანისთვის, საბავშვო საპონი. სასურველია, ყველაფერი ერთი და იმავე ფირმისა იყოს. ბანაობისთვის აუცილებელია საბავშვო აბაზანა, სპეციალური ქაფი ხისტი წყლის დასარბილებლად, ყურის საწმენდი ჩხირები;
- პირსახოცი - რბილი და დიდი;
- ხელსახოცები - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი, ისე ბამბის ქსოვილისა. მათი დანიშნულებაა ბავშვის კანის კარგად გაშრობა;
- ტანსაცმელი - უნდა იყოს მსუბუქი, ბუნებრივი მასალისა, ირეცხებოდეს სარეცხ მანქანაში, ადვილი უნდა იყოს მისი ჩაცმა-გახდა;
- საწოლი - მტკიცე, არატოქსიკური მასალისგან დამზადებული, უსაფრთხო, მაგარი ლეიბით;
- მაგიდა – ბავშვის ჩასაცმელად;
- ეტლი - გირჩევთ, აირჩიოთ მოდელი, რომელიც დაახლოებით 2 წლამდე გამოგადგებათ;
- ყველაფერი კვებისთვის - ბოთლები, საწოვარა, მატყუარა საწოვარა. ეს ყველაფერი დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შემთხვევაშიც, თუ შინიდან გასვლა მოგიხდათ - გამოწველილ რძეს დატოვებთ და ისე წახვალთ;
- საფენები - მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალი ფირმა აწარმოებს, ყველას მაინც "პამპერსებს" უწოდებენ.
თუ საშუალება გვაქვს, რასაკვირველია, კარგი იქნება, სათანადო იერი მივცეთ ბავშვის ოთახს. იდეალურ შემთხვევაში ბავშვის ოთახი ღიმილს უნდა იწვევდეს და, ამასთან, პრაქტიკულიც იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ბავშვი ცოცვასა და ოთახის აქტიურ შესწავლას დაიწყებს.
კარგია:
- ნათელი ფერის მხიარული შპალერი სათამაშოების, ცხოველების, ყვავილების გამოსახულებით;
- ფართოუჯრედებიანი კუბოკრული ქსოვილის ტექსტილი, მსხვილი ბურთები ფარდებსა თუ გადასაფარებლებზე;
- ღია ფერის საბავშვო ავეჯი.