ფსიქოლოგიური რჩევები დედებს
ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, იყო დედა, მაგრამ ამას უამრავი სირთულეც ახლავს თან, ორი პატარას მოვლა და აღზრდა კი ორმაგად უფრო რთულია.
როცა მეორე შვილი შემეძინა, ძალიან გამიჭირდა, რადგან უფროსი გოგონა ეჭვიანობდა, უნდოდა, პირველი ყოფილიყო ჭამაში, დაბანაში, მოფერებაში და საერთოდ ყველაფერში. სამწუხაროდ, დედებს იმის ფუფუნება არ გვაქვს, შვილები ფსიქოლოგთან ვატაროთ, ამიტომ უმცროსის დაბადებამდე გვიწევს, უფროსი შვილი თავად შევამზადოთ ოჯახური ცვლილებისთვის. მინდა, ყველა დედას ვურჩიო, დაიხმარონ უფროსი შვილი პატარას მოვლაში, დაბანაში, კვებაში, ჩაცმაში, რათა მისდამი პასუხისმგებლობა იგრძნოს, მისცენ საშუალება, თავის პატარა დაიკოს ან ძამიკოს, როგორც ზრდასრულმა, ისე მიხედოს და სიყვარული გამოამჟღავნოს. შესაძლოა, რამე არ გამოუვიდეს, მაგრამ ამისთვის კი არ უნდა დავსაჯოთ და ავუკრძალოთ, არამედ რბილად ავუხსნათ და შანსი მივცეთ. ვეცადოთ, დავუახლოვდეთ მათ, რათა ამ პატარა არსებებმა თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ.