ორსულობა და ახლომხედველობა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება მედ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი, ექიმი ოფთალმოლოგი ნინო თავბერიძე
მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნორმალური ორსულობა ჯანმრთელი ქალის მხედველობის ცვლილებას არ იწვევს. სამაგიეროდ, ორსულობამ შეიძლება საგრძნობლად დაამძიმოს თვალის სხვადასხვა (რქოვანას, ბროლის, ბადურას, მხედველობის ნერვის და სხვა)
დაავადებათა მიმდინარეობა. განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიოპიის (ახლომხედველობის) მქონე ორსულები წარმოადგენენ. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მაღალი ხარისხის მიოპიის მქონე ორსულებს, ვინაიდან მშობიარობისას შეიძლება განვითარდეს მძიმე გართულებები, როგორიც არის სისხლჩაქცევა ბადურაში, მინისებრი სხეულის შემღვრევა, ბადურას ჩამოშლა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ბადურას ცვლილებები ყოველთვის არ შეესაბამება ახლომხედველობის ხარისხს – შესაძლოა, მისი ჩამოცლა სუსტი ხარისხის მიოპიის შემთხვევაშიც მოხდეს.
ოფთალმოლოგიური გამოკვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, მიოპიის მქონე ორსულებს თავიდან ავაცილოთ მხედველობის ორგანოს გართულებები. ექიმი-მეანი, რომელიც ახლომხედველ ორსულს მეთვალყურეობს, მოვალეა, ფეხმძიმობის ადრეულ პერიოდში იგი კონსულტაციისთვის ოფთალმოლოგთან გაგზავნოს, სადაც ქალს ჩაუტარდება სრულყოფილი გამოკვლევა: რეფრაქციის სახისა და ხარისხის დადგენა, თვალის კაკლის ზომების გამოკვლევა, მინისებური სხეულისა და ბადურას მდგომარეობის შეფასება და სხვა. ექიმი ოფთალმოლოგი განსაზღვრავს მონიტორინგის (დაკვირვების) ვადებს.
თუ ორსულს მაღალი ხარისხის ახლომხედველობა აღმოაჩნდა, ჩამოცლის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია, დროულად ჩაუტარდეს ბადურას ლაზერული კოაგულაცია.
ამავე დროს, ოფთალმოლოგი განსაზღვრავს მშობიარობის სახეს. ამ საკითხისადმი მიდგომა ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურია, თუმცა დაბალი რისკის ჯგუფებში – სუსტი და საშუალო ხარისხის მიოპებს შორის, რომელთაც თვალის ფსკერზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ, მიზანშეწონილია, მშობიარობა წარიმართოს ბუნებრივი გზით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მშობიარობის მეორე მომენტიდან ჭინთვების გამოთიშვას ახდენენ. მაღალი რისკის ჯგუფებში (მაღალი ხარისხის მიოპია, თვალის ანატომიური ღერძის დაგრძელება, ბადურას დეგენერაციული ცვლილებები) მშობიარობა საკეისრო კვეთით უნდა წარიმართოს.