მხედველობის პრობლემები ბავშვთა ასაკში
პაწიას მხედველობაზე ზრუნვას ადრეული ბავშვობიდანვე უნდა შევუდგეთ. თუ რაიმე პრობლემამ წამოყო თავი, დროული და მართებული მკურნალობის შემთხვევაში თანამედროვე ოფთალმოლოგიას მასთან გამკლავება არ გაუჭირდება.
მხედველობის სახელდობრ რომელი პრობლემები იჩენს თავს ბავშვებში? – ამ კითხვაზე მოგვიგებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი ოფთალმოლოგი ნანა ცინცაძე.
სამწუხაროდ, ბავშვები უკვე თვალის ამა თუ იმ პათოლოგიით იბადებიან. საკმაოდ მძიმე, თუმცა არც ისე ხშირი თანდაყოლილი დაავადებაა რეტინობლასტომა, რომელიც ბადურა გარსის ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, 15 000-30 000 ბავშვზე დაავადების ერთი შემთხვევა მოდის. ამათგან მესამედს ორმხრივი პათოლოგია აღენიშნება.
დაავადება 3 წლამდე ვლინდება. პათოლოგიური პროცესი თავდაპირველად ბადურა გარსში ვითარდება და სისხლძარღვოვან გარსსა და მინისებურ სხეულში ვრცელდება, მოგვიანებით მოიცავს თვალის კაკალს და ვრცელდება თვალბუდეში ან თავის ქალაში.
ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომელიც მშობლებმა შეიძლება შეამჩნიონ, გუგის არეში მოთეთრო-მოყვითალო ნათება, ე.წ. ამავროზული კატის თვალია. დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების საწყის სტადიაზე გამოვლენას და გადაუდებელ მკურნალობას, ვინაიდან ეს პათოლოგია მხოლოდ თვალს კი არ აზიანებს, არამედ სიცოცხლისთვისაც საშიშია.
რეტინობლასტომასთან შედარებით ხშირია თანდაყოლილი კატარაქტა, რომლის პროგნოზიც დროული და სათანადო ჩარევის შემთხვევაში საკმაოდ კეთილსაიმედო გახლავთ. სტატისტიკის თანახმად, 100 000 ბავშვზე 5 შემთხვევა აღირიცხება.
პათოლოგიის მიზეზად შეიძლება იქცეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედა, ორსულობისას (განსაკუთრებით – პირველ ნახევარში) გადატანილი ვირუსული
ჰეპატიტი, ტოქსოპლაზმოზი, კალციუმის ცვლის დარღვევა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, წითურა და ა.შ.
თუკი ახალშობილს კატარაქტა აქვს, მშობლებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ ბავშვი თავს არიდებს მკვეთრ სინათლეს (ხუჭავს თვალებს), ცუდად აფიქსირებს საგნებს... მშობლებს ვურჩევთ, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართონ ბავშვთა ოფთალმოლოგს. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და სათანადო ქირურგიული მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ობსკურაციული ამბლიოპიის, ე.წ. ზარმაცი თვალის განვითარებას. თანამედროვე ოფთალმოქირუგიის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რეკომენდებულია ოპერაციის ჩატარება 4 თვიდან ერთ წლამდე ასაკში და სათანადო კორექციის (სათვალის, კონტაქტური ლინზის) დანიშვნა. არ გირჩევთ, ქირურგიული მკურნალობა უფრო გვიანი პერიოდისთვის გადადოთ. 4-5 წლის ასაკიდან კი უკვე შესაძლებელია ხელოვნური ბროლის მეორეული იმპლანტაცია, რათა სათვალით ან კონტაქტური ლინზით კორექციის საჭიროება მოიხსნას. მცირე ასაკში მხედველობის პრობლემები მეტწილად რეფრაქციის ანომალიებს (ახლომხედველობას, შორსმხედველობას, ასტიგმატიზმს) უკავშირდება. ბავშვთა უმრავლესობა ჰიპერმეტროპიული რეფრაქციით (შორსმხედველობით) იბადება. 8-9 წლის ასაკისთვის, ჩვეულებრივ, ყალიბდება რეფრაქციის საბოლოო სახე.
თანამედროვე პირობებში ახლო მანძილზე მხედველობის მზარდმა დატვირთვამ, მონიტორებისა და კომპიუტერების ხანგრძლივმა გამოყენებამ ბავშვთა ასაკში მიოპიის (ახლომხედველობის) გახშირება გამოიწვია. ამ რეფრაქციის ამ მანკის აღმოჩენისას ბავშვი სისტემატური მეთვალყურეობის (6 თვეში ერთხელ) უნდა იმყოფებოდეს, ასრულებდეს ექიმის რეკომენდაციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახლომხედველობის პროგრესირების შემთხვევაში დაისმის პროგრესის შემაჩერებელი ოპერაციის (სკლეროპლასტიკის) ჩატარების საკითხი.
რეფრაქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მანკი შორსმხედველობა ანუ ჰიპერმეტროპიაა, რომელმაც არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა აკომოდაციურ სიელმესა და რეფრაქციულ ამბლიოპიას (ზარმაც თვალს) დაუდოს სათავე. ჰიპერმეტროპიის დროული და სათანადო კორექციითა და მკურნალობით (სათვალე, კონტაქტური ლინზა, ექსიმერლაზერული ოპერაცია) ზემოხსენებული ადრეულ ასაკში პრობლემების მოგვარება ადვილია.