• Georgian Version
  • English Version
  • Russian Version
აგრესია, რომელიც ბავშვობიდან მოდის

აგრესია, რომელიც ბავშვობიდან მოდის


რისი ბრალია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ფსიქიკური პრობლემების გახშირება? რა სახით ვლინდება ისინი? როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი მადონა ცირეკიძე.
    
ფსიქიკურ დაავადებათა გენეზში წამყვანია მემკვიდრეობითი და ბიოლოგიური ფაქტორები, თუმცა ბოლო დროს უფრო და უფრო მეტ აქტუალურობას იძენს კიდევ ერთი – სოციალური ფაქტორი. სოციალური პრობლემების გამო მრავალი ბავშვი და მოზარდი იქცა ფსიქიკური აშლილობის მსხვერპლად.
    ამჟამად ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის უდიდესი პრობლემად ქცევის დარღვევა მიიჩნევა. პრობლემის აქტუალურობას არა მარტო მისი გახშირება, არამედ უდიდესი სოციალური მნიშვნელობაც განაპირობებს. ამის გამოა, რომ ქცევის მოშლის საკითხს დიდი პრაქტიკული დატვირთვა აქვს არა მარტო მოზარდთა ფსიქიატრებისთვის, არამედ სოციოლოგებისთვის, პედაგოგებისა და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, კრიმინოლოგებისთვისაც კი. აქვე დავურთავ, რომ ფსიქიკურად დაავადებული მოზარდები ბევრად უფრო ნაკლებ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე სოციალური ფაქტორებით პირობადებული ქცევის მოშლის მქონენი.
   საზოგადოდ,  მოზარდის ქცევის ჩამოყალიბებასა და მოშლაზე გავლენას ახდენს როგორც მაკრო, ისე მიკროსოციალური გარემო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ირგვლივ ახალ-ახალი ნეგატიური ფაქტორები წარმოიშვა: ყოფის დამკვიდრებული წესების შეცვლა, ცხოვრების ტემპის აჩქარება, ინფორმაციის მოზღვავება, ინტენსიური ურბანიზაცია, ქალაქებში ჯეროვანი სოციალური კონტროლის შეუძლებლობა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დეგრადაცია, ზნეობრივ ფასეულობათა დეფიციტი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიღატაკე… ამ და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც აქ არ მოგვიყვანია, მოზარდები და ბავშვები სწორ ადაპტაციას ვეღარ ახერხებენ და სოციალურად უმართავნი ხდებიან. აი, ამ შემთხვევაში იჩენს თავს ქცევის მოშლა, დაწყებული მარტივი ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით, დანაშაულებრივის ჩათვლით.
   
დაიხსომეთ:  რისკის ფაქტორის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობის ჩამოყალიბება გარდაუვალია, მაგრამ უპრიანია, დამცავი მექანიზმები ავამუშაოთ. მოზარდის ქცევის თავისებურებათა ჩამოყალიბე


ბაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიკროსოციალური გარემო, პირველ ყოვლისა, ის ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც ოჯახში სუფევს. მოზარდისა და ბავშვის პიროვნული გადახრების აღმოცენებაში ხშირად მშობლებს მიუძღვით ბრალი, თანაც ამგვარი გადახრები ყოველთვის თვალში საცემი არ რაის. მშობლები მათ წლობით ვერ ამჩნევენ და მაშინღა ტეხენ განგაშს, როდესაც ბავშვის უცნაური ქცევა გარშემო მყოფთათვისაც თვალსაჩინო ხდება.
    ბოლო ხანს საგრძნობლად მომრავლდა ოჯახები, სადაც ვითარება უკიდურესად უმართავია: მშობლებს შორის კონფლიქტი წამდაუწუმ მწვავდება, ისინი არა მარტო სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ ერთმანეთს, საოჯახო საკითხების გადაწყვეტისას არავითარი ერთსულოვნება, ურთიერთგაგება არ არსებობს, ოჯახის წევრებს შორის მტრული ურთიერთდამოკიდებულება ყალიბდება. არაჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი განსაკუთრებით მკვეთრად მაშინ არის გამოხატული, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს ხასიათის ანომალია, ალკოჰოლიზმი ან ნარკომანია აღენიშნება ანდა ოჯახი ხანგრძლივ მატერიალურ ხელმოკლეობას განიცდის. ბავშვის ქცევის ჩამოყალიბებაზე არანაკლებ ნეგატიურ გავლენას ახდენს ისიც, რომ უფროსები რთული ოჯახური ატმოსფეროსგან განსამუხტად ჯავრს მასზე იყრიან ხოლმე.
    როდესაც ბავშვებს აკლიათ ოჯახური სითბო, მზრუნველობა და თანაგრძნობა, ერთნი საკუთარ თავში იკეტებიან, გულჩათხრობილები, გაუბედავები, უსუსურები ხდებიან, გამუდმებით შინაგანი განგაშის განცდა, ცუდის მოლოდინი სდევთ თან, მეორენი კი გაღიზიანებულები, აფექტურები, დაბოღმილები, გაბოროტებულები, სასტიკები, კონფლიქტურები არიან, არავის ენდობიან. ორივე შემთხვევაში ბავშვებს ძალიან უჭირთ გარე სამყაროსთან ადაპტაცია.
   
ამდენად, მოზარდთა აგრესიულობა ქცევის მოშლის მეტად გავრცელებული ფორმაა. როგორც აღვნიშნე, მას უდიდესი სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ასეთი მოზარდები ხშირად სჩადიან კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივ ქმედებებს. უდავოა, ასეთი ქცევის აღმოცენებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთ-ერთი ან ორივე მშობლის პიროვნული ანომალიის ნიშნებს, მათ ნერვულ დაძაბულობას, კონფლიქტურ განწყობას, მუდმივად უკმაყოფილო ტონს, ემოციურ სიცივეს და, რაც მთავარია, შემწყნარებლობის, სიბრალულის, თანაგრძნობის უქონლობას ერთმანეთისა თუ შვილების მიმართ. ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მცირე ასაკიდანვე ავი და ნერვულია, თამაშის დროს, და-ძმებთან, თანატოლებთან ურთიერთობისას, არცთუ იშვიათად – ცხოველების მიმართ სადიზმს, სისასტიკეს იჩენს.
    უთუოდ უნდა გამოვყოთ ვიდეობუმი, რომელიც მოზარდთა ქცევის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით ნეგატიურ როლს ასრულებს. ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს ძალადობის ამსახველი და საშინელებათა ფილმები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ყმაწვილი მოძალადე ვიდეოგმირს კერპად გაიხდის და მას ბაძავს.
     ამდენად, მშობლებმა უთუოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ:
* პიროვნების ჩამოყალიბება დაბადებიდანვე იწყება, ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბავშვს ჰარმონიული ოჯახური გარემო სიცოცხლის პირველივე წლებიდან შევუქმნათ.
* ბავშვის ემოციურ-გრძნობითი აპარატი მეტად მგრძნობიარე და ფაქიზია, ამიტომ შვილებთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე და თავშეკავება გვმართებს.
* არ არის სასურველი, ბავშვის გასაკეთებელი საქმე მშობელმა გააკეთოს. ეცადეთ, არ მოუხსნათ შვილს პრობლემა, რომლის დაძლევაც ბავშვს თვითონაც შეუძლია.
* მშობლებმა უნდა შეძლონ ბავშვის შინაგანი რესურსების, გონებრივი შესაძლებლობების ჯეროვანი შეფასება, შემდეგ კი შვილებს ამ თვისებათა მართებულ რეალიზაციაში დაეხმარონ.
* მოზარდს გაუთავებლად არ უნდა ვასწავლოთ ჭკუა. ნუ გახდით ბავშვს იძულებულს, იცრუოს.
* სასურველია, მშობლებმა ბავშვი პრობლემის აღმოჩენისთანავე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიუყვანონ. მართალია, ამ დარგის მიმართ საზოგადოებას ერთგვარად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფსიქიატრის კონსულტაცია ჯანმრთელ ადამიანსაც სჭირდება. ამ დარგის მიმართ უარყოფით განწყობას ინფორმაციის დეფიციტი, დაბალი სამედიცინო კულტურა განაპირობებს. ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან, ხოლო საზღვარგარეთ, განვითარებულ ქვეყნებში, ბევრს ჰყავს პირადი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. დასასრულ, ერთ ციტატას მოვიყვან: ”ქვეყნის ცივილიზაციის დონის ერთ-ერთ მაჩვენებელს ფსიქიატრიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება წარმოადგენს”
.