ძილის სამყაროს ლაბირინთებში
რამდენიმე ნომრის წინ უკვე ვთქვით, რომ ბავშვის ძილი სულაც არ არის ისეთი მშვიდი და უზრუნველი, როგორიც გვგონია. ისიც ვთქვით, რომ ძილის დარღვევები ექიმთან მისული პატარების თითქმის ნახევარს აღენიშნება. ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევებზე ვისაუბრეთ და დაგპირდით, რომ ძილის სხვა სახის დარღვევებს ცალკე თემას მივუძღვნიდით. ასე რომ, “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ლალი ვაშაკიძე კვლავ ჩვენი სტუმარია.
– ქალბატონო ლალი, ბავშვი რომ ადვილად იძინებს და ღამით არ ეღვიძება, მშობლის ოცნებას უფრო ჰგავს. რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ამ დროს?
– გარდა ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევისა, ე.წ. დისსომნიებისა, არსებობს გამოღვიძებისა და ძილის სტადიების მონაცვლეობის დარღვევაც, რასაც პარასომნიებს ვუწოდებთ. დისსომნიებსა და პარასომნიებს შორის თანაფარდობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვაა: ჩვილებში დისსომნიები ჭარბობს, სკოლამდელ და ადრეულ სასკოლო ასაკში – პარასომნიები, პუბერტატულ ასაკში (სქესობრივი მომწიფების პერიოდში) კი კვლავ დისსომნიების ხვედრითი წილი იმატებს. ძილის დარღვევები უფრო ხშირად აწუხებთ ბიჭუნებს და ორივე სქესის იმ ბავშვებს, რომლებიც კოლიკისა და ყურის ინფექციებისკენ არიან მიდრეკილნი.– რომელი დარღვევები შედის პარასომნიების ჯგუფში?
– გავრცელებული პარასომნიებია ღამის ენურეზი (ღამით უნებლიე შარდვა, ასოცირებული ღრმა ძილსა და გაღვიძების მექანიზმის მოშლასთან), ძილსიარული ანუ სომნამბულიზმი, ძილში ლაპარაკი – სომნოლოკვია, ღამის შიშები და ღამის კოშმარები. პარასომნიებს არ მიეკუთვნება და ცალკე უნდა გამოვყოთ ძილთან ასოცირებული სუნთქვის მოშლილობა, თუმცა რაკი უმძიმეს გართულებამდე შეიძლება მიგვიყვანოს და სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე, ამავე დროს თვითონ იქცეს პარასომნიის მიზეზად, ძილის დარღვევებზე საუბრისას მას გვერდს ვერ ავუვლით.
სუნთქვის ტაიმაუტი
– სერიოზულობიდან გამომდინარე, უპრიანი იქნება, თავდაპირველად ამ სახის დარღვევებზე ვისაუბროთ. რა იწვევს სუნთქვის დარღვევას? რა ასაკში ვხვდებით? რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მათ?
– ძილის აპნოეს, სუნთქვის დროებით შეწყვეტას, პრაქტიკულად ნებისმიერ ასაკში შეიძლება შევხვდეთ. ახალშობილებსა და ჩვილებში მას შესაძლოა თან ახლდეს სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), კუნთების დაჭიმულობა ან მოდუნება, კანის ფერის შეცვლა. ასეთ შეტევებს ხშირად ეპილეფსიურ გულყრებად მიიჩნევენ. აპნოეს მიზეზი შესაძლოა ტვინის ღეროს სტრუქტურების, კერძოდ, სუნთქვის ცენტრის უმწიფრობა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მსგავსი დარღვევები უდევს საფუძვლად ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს.
– რამდენად ხშირია ეს სინდრომი? თუ შეიძლება მისი რისკის შემცირება? როგორ გამოვავლინოთ ჩვილთა ძილის აპნოე? რა ნიშნების შემჩნევის
შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ბავშვთა ნევროლოგს?
– ამერიკელთა მონაცემებით, სინდრომი 2000 ცოცხალი ახალშობილიდან ერთს უვლინდება. უშუალო მიზეზი, როგორც გითხარით, დაუდგენელია, თუმცა გამოყოფენ როგორც მუცლადყოფნის პერიოდის, ასევე დაბადების შემდგომ რისკფაქტორებს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება დედის მიერ ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების მოხმარება, დედის ახალგაზრდა ასაკი, მისი არასწორი კვება, სიმსუქნე, ხშირი მშობიარობა, ბავშვის სქესი (ამ მიზეზით გარდაცვლილ ჩვილთა 60% მამრობითი სქესისაა). დაბადების შემდგომი პერიოდის რისკფაქტორებია: ბავშვის მცირე წონა (1000-1500გ), თამბაქოს ექსპოზიცია, ძილის დროს მუცელზე წოლა, ხელოვნური კვება, ოთახში მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, შეფუთვა, რბილი საწოლი, სახლში ცხოველების ყოლა, საწოლში მშობელთან ან და-ძმასთან ერთად ძილი, დღენაკლულობა. როდესაც აპნოე 15-20 წამზე მეტხანს გრძელდება და თან ახლავს კიდურების დაჭიმულობა, ფერის შეცვლა და სხვა ნიშნები, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია
– რა იწვევს აპნოეს შედარებით მოზრდილ ბავშვებში?
– სკოლამდელ და სკოლის ასაკში უფრო ხშირია ე.წ. ძილის ობსტრუქციული აპნოე (ძოა). სტატისტიკის თანახმად, ასეთი დარღვევა ბავშვთა 1-3%-ს აღენიშნება. ჩვეულებრივ, ის ადენოტონზილურ ჰიპერტროფიასთან (სასისა და ცხვირ-ხახის გადიდებულ ნუშურებთან) არის ასოცირებული. შესაძლოა თან ახლდეს ხვრინვა, მოუსვენრობა, დღის ძილიანობა, პირით სუნთქვა, მეორეული ენურეზი (ბავშვმა ჩასველება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი მშრალი პერიოდის შემდეგ დაიწყოს), ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. მოგვიანებით ასეთი ბავშვები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, არტერიული ჰიპერტენზიისკენ, უფრო ხშირად ემართებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. ძალიან ხშირად (61%-ში) პარასომნიებიც ძოა-სთან არის შერწყმული. ტონზილექტომია და ადენოტომია ხშირად აუმჯობესებს მდგომარეობას.
– ბავშვი რომ ხვრინავს, ყოველთვის გადიდებული ნუშურების ბრალია?
– არა, ბავშვების 5-10% ზემოხსენებული მიზეზების გარეშე ხვრინავს (როგორც ექიმები ვამბობთ, მათი ხვრინვა პირველადია). შეგვიძლია, მშობლები დავამშვიდოთ: პირველადი ხვრინვა კეთილთვისებიანია და ძილის დარღვევებთან არ არის დაკავშირებული. იშვიათად კი სუნთქვის დარღვევებს თავის ტვინის უკანა ფოსოს პათოლოგიური პროცესები (მაგალითად, სიმსივნეები) იწვევს.
– შეუძლია თუ არა მშობელს, ერთმანეთისგან თავად განასხვაოს აპნოეს მიზეზები? როდის არის აუცილებელი სპეციალისტის სასწრაფო კონსულტაცია?
– სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია, როდესაც აპნოე ხანგრძლივია ან თან ახლავს თავის ტკივილი, თავის იძულებითი მდებარეობა.
ვეძებთ სიმშრალეს
– გარდა უკვე ნახსენები ძოა-სი, კიდევ რა იწვევს ენურეზს? რამდენად ხშირია? თუ შეინიშნება განსხვავება სქესის მიხედვით? რა ასაკიდან შეიძლება ვუწოდოთ ენურეზს პრობლემა?
– ზოგჯერ ენურეზი შინაგანი დაავადების, მაგალითად, საშარდე გზების ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებაა. ასეთი მეორეული დარღვევა, ბუნებრივია, სცდება ნევროლოგიის კომპეტენციის საზღვრებს, ამიტომ მასზე საუბარს არ გავაგრძელებ. პირველადი, ე.წ. იდიოპათიური, არაორგანული ენურეზი კი შეიძლება გამოიწვიოს: გაღვიძების მექანიზმის მოშლამ (შარდის ბუშტის ავსება არ იწვევს გამოღვიძებას); ღამის პოლიურიამ – ღამით შარდის დიდი ოდენობით წარმოქმნამ (ჩვეულებრივ, ღამით ნაკლები შარდი წარმოიქმნება, ვინაიდან ანტიდიურეზული ჰორმონი, დღეღამური ციკლის შესაბამისად, იმატებს); დაბოლოს, ღამით შარდის ბუშტის მცირე ფუნქციურმა ტევადობამ. ხუთ წლამდე ღამის პირველად ენურეზს მკურნალობა არ სჭირდება. ასაკთან ერთად ის თანდათან იშვიათდება – 7 წლის ასაკში ასიდან 9 ბიჭუნას და 6 გოგონას აღენიშნება, ხოლო 10 წლის ასაკში, შესაბამისად, 7-სა და 3-ს. როგორც თავად ხედავთ, ენურეზი ვაჟებში უფრო ხშირია.
– რას ურჩევდით მშობლებს?
– ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ბავშვს ნაკლები სითხე მისცეთ, ძილის წინა პერიოდში კი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ სმას, მაგრამ თუ ბავშვი ავად არის ან გადაღლილია, ასევე – ძლიერ სიცხეში, ასეთი შეზღუდვა მიზანშეწონილი არ გახლავთ.
. მოარიდეთ ბავშვი მარილიან საკვებს, ხილს, ბოსტნეულს, შოკოლადს;
. მიაჩვიეთ, რომ ყოველ საღამოს, ძილის წინ, ტუალეტში შევიდეს;
. ჩაძინებიდან 2 საათის შემდეგ ბავშვი გააღვიძეთ და ქოთანზე ან უნიტაზზე დასვით;
. დაასაჩუქრეთ და წაახალისეთ ყოველი მშრალი ღამის შემდეგ.
არსებობს სპეციალური მოწყობილობები (მაგალითად, ქართულ სააფთიაქო ქსელში არსებული “მშრალი ღამე”), რომელიც ბავშვს შარდის პირველი წვეთების გამოყოფისთანავე აღვიძებს. ასე მას თანდათან უყალიბდება რეფლექსი და სავსე შარდის ბუშტი გაღვიძებას აიძულებს.
– რა ადგილი უკავია მედიკამენტებს ენურეზის მკურნალობაში?
– თუ არამედიკამენტური მკურნალობა სამი თვე მაინც გაგრძელდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო, გადავდივართ მედიკამენტურ მკურნალობაზე, რომელსაც ექიმი ინდივიდუალურად, ანამნეზისა კლინიკურ-პარაკილინიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ნიშნავს.
მოუსვენარი ხელ-ფეხი
– რამდენად საშიშია როცა პატარა ონავარი ძილშიც ვერ ისვენებს, იქნევს ხელებს, ფეხებს, კრთება?
– ასეთი რამ ძალიან ხშირია, მაგრამ შეშფოთების საფუძველს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში წარმოადგენს. ძილის კეთილთვისებიანი მიოკლონიები – კიდურთა შეკრთომები, რომლებიც გამოღვიძებისთანავე ქრება – ჩვილთა უმრავლესობას ახასიათებს. თუმცა მიოკლონია შესაძლოა ეპილეფსიის გამოვლინებაც იყოს. სკოლამდელ ასაკში ასევე შესაძლოა შევხვდეთ მოუსვენარი ფეხების სინდრომს, რიტმულ მოძრაობებს ჩაძინების გასაადვილებლად – სხეულის რწევას ან კედლისთვის თავის რტყმას. ასეთ შემთხვევებს ხშირად ოჯახური ხასიათი აქვს და, ჩვეულებრივ, 4-5 წლისთვის თავისთავად გაივლის. როგორც უკვე ვთქვი, ხანდახან ბავშვები ძილში დადიან კიდეც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პარასომნიის ნიღაბს შესაძლოა ძილის სხვადასხვა სტადიასთან ასოცირებული ეპილეფსიური გულყრა ამოეფაროს.
– კბილების კრაჭუნიც შეიძლება პარასომნიის გამოვლინება იყოს თუ ყოველთვის ჭიებით ინვაზიის ბრალია?
– მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ხშირად ჰელმინთებს ამაში ბრალი არ მიუძღვით. მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, თანკბილვის დარღვევა.
– რას ურჩევდით მშობლებს ძილის მოძრაობითი დარღვევების დროს?
– გარდა ძილის ზოგადი ჰიგიენისა, რომლის შესახებაც წინა ინტერვიუში დაწვრილებით ვისაუბრეთ (ჟურნალი “ავერსი”, №7(69)), გირჩევთ:
. თუ ძილის წინ ბავშვი ძალზე ინტენსიურად ირხევა, საწოლი უსაფრთხოების მიზნით კედელს მოაშოროთ;
. ძილის წინ ბავშვი მოარიდოთ ტელევიზორს და კომპუტერს;
. ოთახში, სადაც ბავშვი იძინებს, ჩართული არ დატოვოთ ტელევიზორი; ოთახიდან გაიტანეთ ბასრი საგნები, კარგად ჩარაზეთ კარ-ფანჯარა;
. ხშირი და ხანგრძლივი ძილსიარულის, ე.წ. მთვარეულობის დროს ბავშვი საწოლის ნაცვლად იატაკზე დაგებულ ლეიბზე დააძინეთ.
ვლაპარაკობთ, გვეშინია
– ძილში ლაპარაკს, ე.წ სომნოლოკვიას, ასევე – ღამის შიშებსა და ღამის კოშმარებს უმთავრესად სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში ვხვდებით. ასაკთან ერთად მათი გამოვლინება მკვეთრად იკლებს. ხშირად ისინიც ავადმყოფობით ან გადაღლილობით არის გამოწვეული. შეტევა იწყება პანიკური ყვირილით, თან ახლავს ოფლიანობა, სუნთქვის გახშირება, კანკალი, მაჯისცემის აჩქარება. ამ დროს ბავშვის დამშვიდება ან გამოღვიძება შეუძლებელია. გამოღვიძებისას მას არ ახსოვს სიზმრის შინაარსი. უფრო მოზრდილებში ვხვდებით ღამის კოშმარებს. ბავშვს უეცრად ეღვიძება ძლიერი შიშის განცდით, სრულ გონებაზეა და ნათლად ახსოვს სიზმრის შინაარსი.
– როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ამ დროს? როდის არის აუცილებელი სპეციალისტის კონსულტაცია?
– უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია დღის რეჟიმის მოწესრიგება, პატარასათვის მშვიდი გარემოს შექმნა. ხანდახან ეს დარღვევები ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის. თუ ღამის დარღვევებს თან ახლავს მენტალური, ემოციური დარღვევები, რომლებიც დღისითაც შეინიშნება და თავის ტკივილი, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.