რა ემტერება ბავშვის თვალს
თუ შევამჩნიეთ, რომ პატარა ონავარს თვალები შეუწითლდა, ექავება და, თითქოს წებო ჩააწვეთესო, გახელა უჭირს, უნდა ვიფიქროთ, რომ ბრალი კონიუნქტივიტს მიუძღვის.
კონიუნქტივა თვალის ლორწოვანი გარსია, რომელიც თვალის კაკალსაც ეკვრის და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირსაც. სწორედ მისი გაღიზიანების შედეგად ვითარდება კონიუნქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება.
კონიუნქტივის მთავარი მტრები ვირუსები, ბაქტერიები და ალერგიული ნივთიერებები ანუ ალერგენები არიან.
ვირუსული კონიუნქტივიტის შესახებ
თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას ყველაზე ხშირად ვირუსი იწვევს. ამ დროს პაწიას თვალიდან მოთეთრო გამონადენი და გაძლიერებული ცრემლდენა აღენიშნება. თხევადი გამონადენი მალე შრება და თვალის კუთხეებში შემაწუხებელ ფირფიტებს წარმოქმნის. მათ მოსაცილებლად პაწია თვალებს ისრესს, რაც სრულებით არ არის სასურველი.
ვირუსული კონიუნქტივიტი უმეტესად მწვავედ, ერთბაშად იწყება. ბავშვს ტემპერატურა უწევს, ყურების ქვეშ ლიმფური ჯირკვლები უსივდება, ზოგჯერ ქუთუთოებიც უშუპდება, თითქმის ყოველთვის უვითარდება სინათლის შიში და ძლიერი ცრემლდენა.
ბავშვის თვალებს ყველაზე მეტად ადენოვირუსული ინფექცია ემტერება, რომლის დროსაც სიწითლე ჯერ ცალ თვალზე ჩნდება, მერე კი მეორეზეც გადადის. ხშირია ჰერპესული კონიუნქტივიტიც, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი, რომელსაც ტუჩზე ჰერპესული გამონაყარი აქვს, პაწიას ხშირად ეალერსება.
ჰერპესული გამონაყარის არსებობისას, ვიდრე ვირუსით სავსე ბუშტუკი არ გაქრება, პაწიასთან კონტაქტი დედასაც კი ეკრძალება, ხოლო თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, დედიკოს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა მოუწევს: ხელები ხშირად უნდა იბანოს, არამც და არამც არ უნდა შეეხოს გამონაყარს და პაწიას ბუშტუკის გაქრობამდე არ აკოცოს.
კონიუნქტივიტი წითელასა და ჩუტყვავილას დროსაც ვითარდება. ბავშვს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, როდესაც ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელი ბუშტუკოვანი გამონაყარი თვალის სიახლოვეს აქვს – შესაძლოა, პატარა ონავარმა მოქავებისას ბუშტუკი გახეთქოს და მისი შიგთავსი თვალის ლორწოვანზე მოხვდეს, რაც კონიუნქტივიტს უფრო მეტად დაამძიმებს.
თუ “ბატონების” დროს ბავშვს კონიუნქტივა შეუწითლდა და ცრემლდენამ შეაწუხა, დაუშალეთ თვალის ხელით შეხება და, მით უმეტეს, მოსრესა, ექიმის დანიშნულებით ჩააწვეთეთ ანტისეპტიკური და ადგილობრივი იმუნიტეტის გამაძლიერებელი წვეთები.
ბაქტერიები გვიტევენ
ბაქტერიული წარმოშობის კონიუნქტივიტის დროს გამონადენი მოყვითალოა, უფრო ბლანტი და მწებარე – შეწებებული ქუთუთოების გამო პაწიებს დილაობით თვალების გახელა უჭირთ. გამონადენი სწრაფად ხმება და თვალის კუთხეებში ლაგდება, რაც ძლიერ შემააწუხებელია. პათოლოგიური პროცესი, ისევე, როგორც ვირუსული (უპირატესად კი – ადენოვირუსული) კონიუნქტივიტის შემთხვევაში, ცალი თვალიდან იწყება და მეორეზე გადადის.
ხშირად ვირუსული კონიუნქტივიტი ბაქტერიულით რთულდება. ასეთი რამ უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც ვირუსებით დასახლებულ ლორწოვან გარსს პაწია ხელით ისრესს. ბაქტერიული გართულების თავიდან ასაცილებლად ექიმი ხშირად ანტიბიოტიკის წვეთებს ნიშნავს.
დაიხსომეთ: განურჩევლად იმისა, კონიუნქტივიტი ვირუსმა გამოიწვია თუ ბაქტერიამ, ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა მეტად მნიშვნელოვანია. ინფექციური კონიუნქტივიტი, როგორი წარმოშობისაც არ უნდა იყოს, ძლიერ გადამდებია.
სიტყვა ეძლევა ალერგიას
ალერგიის პირველი ნიშნები ხშირად თვალების შეწითლება, ქავილი და გაძლიერებული ცრემლდენაა. პათოლოგიური პროცესი ორივე თვალს ერთდროულად მოიცავს და, წესისამებრ, 5-დან 14 დღემდე გრძელდება.
ალერგიული კონიუნქტივიტის დროს აუცილებელია, გავარკვიოთ, რა უღიზიანებს პაწიას თვალებს. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია ნამწვით გაჯერებული ჰაერი, ზოგიერთი მცენარის მტვერი და მედიკამენტი, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ბუმბული, კოსმეტიკური საშუალებანი, პარფიუმერია. თუ ვიცით, რის გამო უცრემლიანდება და უწითლდება პატარას თვალები, ამ ალერგენს უნდა მოვარიდოთ.
ალერგენთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი ხანგრძლივდება და შესაძლოა, ქრონიკული კონიუნქტივიტიც კი ჩამოყალიბდეს. ამ შემთხვევაში ბავშვს დროდადრო აწუხებს თვალებში ქვიშის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა იჩენს თავს. ეს სიმპტომი უყურადღებოდ არამც და არამც არ უნდა დაგრჩეთ – “ჩვეული” დისკომფორტი დროთა განმავლობაში შესაძლოა მხედველობის პრობლემის მიზეზად იქცეს.
საშინაო ოფთალმოკაბინეტი
თვალის თანამედროვე წვეთები პიპეტიან ბოთლებში ასხია, მაგრამ შესაძლოა, ჩვეულებრივ ბოთლში ჩასხმულიც შეგხვდეთ. ასეთ შემთხვევაში თავად მოგიწევთ პიპეტის ყიდვა და წამლის დიდი სიფრთხილით ჩაწვეთება.
გამოყენებამდე პიპეტს სტერილიზაცია ჩაუტარეთ (5-10 წუთს ადუღეთ). ჩაწვეთების შემდეგ შუშის ნაწილი (და არამც და არამც – რეზინის) ბორის მჟავას სააფთიაქო ხსნარში ჩაძირეთ და თავზე დოლბანდი გადააფარეთ. ასე მოიქეცით, ვიდრე წვეთებით მკურნალობას არ დაასრულებთ. შემდეგ პიპეტი გულდასმით გარეცხეთ და კარადაში შეინახეთ.
ჩაწვეთების წინ თვალის წვეთების ბოთლი 3-5 წუთის განმავლობაში ხელში შეათბეთ. ბავშვი სკამზე დასვით და სთხოვეთ, არ გაინძრეს. თუ მეტისმეტად პატარაა, ოჯახის რომელიმე წევრს სთხოვეთ, ხელები დაუჭიროს. შემდეგ უთხარით პაწიას, ჭერში აიხედოს, მარცხენა ხელით ქვედა ქუთუთო გამოუწიეთ, მარჯვენათი კი წამალი ჩააწვეთეთ.
დაიხსომეთ: მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, ერთი წვეთიც საკმარისია, ამიტომ მეტისმეტად ნუ გაირჯებით და რამდენიმე წვეთს ერთბაშად ნუ ჩააწვეთებთ. ასე ალერგიულ რეაქციასაც გადაურჩებით და პრეპარატის უყაირათო ხარჯვასაც.
ჩაწვეთებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და პიპეტის თავი თვალის ლორწოვანს არ მიადოთ. ასე ინფიცირებას აიცილებთ თავიდან.
პროცედურის დასრულების შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, 1-2 წუთს თვალი არ დაახამხამოს. შემდეგ, როცა თვალს დახუჭავს, ჭარბი წამალი რბილი ერთჯერადი ხელსახოცით მოსწმინდეთ.
თუ ექიმმა ბავშვს თვალის კრემი ან საცხი გამოუწერა, ასე მოიქეცით: საგულდაგულოდ დაბანილი ხელით პაწიას ქვედა ქუთუთო ჩამოუწიეთ და მის შუა ნაწილში წამლის ძალიან მცირე ულუფა ჩაუდეთ. იგივე პროცედურა ჩაატარეთ მეორე თვალზე და შემდეგ ბავშვს თვალების დახუჭვა სთხოვეთ. ქაღალდის სუფთა ერთჯერადი ხელსახოცით მსუბუქად დააწექით ქუთუთოს და მალამო ფრთხილად შეაზილეთ დახუჭულ თვალში. ასე წამალი მაქსიმალურად გადანაწილდება თვალის ლორწოვანზე.
სასარგებლო ოფთალმორჩევები
მკურნალობაზე უკვე გესაუბრეთ. ახლა, მოდი, გავარკვიოთ, როგორ მოვუაროთ კონიუნქტივიტიან პაწიას:
. მოარიდეთ ბავშვი ძლიერ მხედველობით დატვირთვას. ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან თამაში, კითხვა და, მით უმეტეს, კითხვის სწავლება, ასევე – თავსატეხების აწყობა დროებით გადადეთ.
. თუ ბავშვი სათვალეს ატარებს, ნუ მოახსნევინებთ – უსათვალოდ მხედველობა დაეძაბება, ეს კი ლორწოვანის ანთებას უფრო მეტად გაამწვავებს.
. ბავშვი მხოლოდ ჩრდილში ასეირნეთ, მზის გულზე თამაში დაუშალეთ, თავზე კი კეპი ან პანამა დაახურეთ – მზის სხივები მტკივან თვალებს მეტისმეტად გაუღიზიანებს.
. თვალების ქავილისა და ქვიშის ჩაცვენის სიმპტომისგან გასათავისუფლებლად ადგილობრივ საფენებს გირჩევთ. ცივ (ოღონდ არა ყინულოვან) სუფთა წყალში დაასველეთ ბამბის ორი ფთილა და ბავშვს დახუჭულ თვალებზე დააწყვეთ. საფენები გათბობამდე გააჩერეთ. თუ ქავილმა არ იკლო, რამდენიმეჯერ გაიმეორეთ.
. ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დროს ბავშვს დახუჭულ თვალებზე 15-20 წუთით დააფინეთ მწვანე ვაშლის, კიტრის ან კატროფილის ახალგამოწურულ წვენში დასველებული ბამბის ფთილა.
. ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა. პროცედურების წინ ხელები დაიბანეთ. ბავშვს პირსახოცი ყოველდღე უცვალეთ.