ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა
ბავშვის სულიერი და ფიზიკური აღზრდის ტრადიციულ და ნაცად მეთოდებს ნებისმიერ ხალხში შეხვდებით, თუმცა ზოგიერთი მათგანი თანამედროვე მედიცინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე ეხება აკვანს, რომელიც, ექიმების მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ ამოიძირკვა სინამდვილიდან. იმის შესახებ, თუ რატომ ემტერებიან ექიმები აკვანს, გვესაუბრება ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედიომარ ობგაიძე.
“არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ეს პრობლემა პირველ ადგილზე დგას საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის თანდაყოლილ ორთოპედიულ დეფორმაციებს შორის. ჩვენში მას ერთგვარი რეგიონული გავრცელება ახასიათებს. საკმაოდ ხშირია საჩხერის რაიონში, ასევე – აზერბაიჯანელებით დასახლებულ მხარეებში: მარნეულში, ყარაჯალაში. სხვათა შორის, ამ პათოლოგიით ინგილოებიც მოგვმართავენ.
მენჯის თავისებურების გამო ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა გოგონებს შორის 5-7-ჯერ უფრო ხშირია, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პირველადი, თანდაყოლილი ამოვარდნილობა იშვიათია. მეტწილად თანდაყოლილია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ანუ განუვითარებლობა, რომელიც აღზრდის, ადათ-წესებისა თუ კლიმატური პირობების გავლენით თანდათან ამოვარდნილობაში გადაიზრდება. ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელი მენჯ-ბარძაყის სახსრით იბადებიან, ვერც კლიმატური პირობები ვნებთ და ვერც აკვანი.
აკვნის ნაკლი ის არის, რომ მასში მწოლ ბავშვს კიდურები მოზიდული აქვს, ფეხებს შორის კი შიბაქი უდგას, რომელსაც, ამასთანავე, საფენში ახვევენ, ბავშვს რბილი ქსოვილები არ დაეჟეჟოსო. ამგვარად, შიბაქი ბერკეტის როლს ასრულებს. თავდაპირველად დისპლაზიური სახსრიდან ბარძაყის თავი გარეთ გამოდის. მერე და მერე, ბავშვის ზრდის კვალდაკვალ, კუნთოვანი სისტემაც ძლიერდება და კუნთების შეკუმშვის გამო ბარძაყის თავი მაღლა აინაცვლებს, ხოლო როცა ბავშვი სიარულს იწყებს, ის კიდევ უფრო ზევით მიიწევს, ვიდრე თეძოს ძვალს არ მიეყრდნობა.
გარდა იმისა, რომ ბავშვი აკვანში არ უნდა ჩავაწვინოთ, რას გვირჩევდით ამოვარდნილობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ უწინარეს ყოვლისა, ჩვილს თავისუფლად უნდა ჩააცვათ. ბარძაყის ამოვარდნილობის პროფილაქტიკას თანამედროვე საფენებიც ახდენს, რომლებიც ფეხებს განზიდულ მდგომარეობაში ამყოფებს. ვიდრე ეს საფენები არ არსებობდა, მშობლებს ვურჩევდით, შორისის მიდამოში მეტი საფენი ჩაედოთ და ბავშვისთვის არამც და არამც არ შეეკრათ ფეხები.
ვერ ნახავთ ბოშას, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა რომ ჰქონდეს. რა თქმა უნდა, დისპლაზიით ისინიც იბადებიან, მაგრამ თვითგანკურნებას იმით ეწევიან, რომ ფეხებგაწეულ ბავშვს ზურგზე შემოისვამენ და ისე დაატარებენ.
რაც შეეხება ე.წ. “კენგურუს, პირადად მე არ მომწონს, მასში ფეხები საკუთარი სიმძიმით რომ ჰკიდია. ასე მგონია, სიმძიმე ფეხებს შიგნით ეწევა და “კენგურუს” საყრდენი ნაწილი შიბაქის მსგავსად მოქმედებს”.